მოსამართლის მილიონიან სკანდალს ხელისუფლებამ ფარული ჩანაწერები დაუპირისპირა. უკრაინულ საიტზე ატვირთულ სატელეფონო ჩანაწერში ნიკა გვარამია და სავარაუდოდ ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებენ.
სკანდალად შერაცხული აუდიომასალის გამავრცელებლების მტკიცებით, ნიკა გვარამია და ზურაბ ადეიშვილი მოსამართლეებისთვის გადასახდელი ქრთამის დეტალებს განიხილავენ. ნიკა გვარამია აცხადებს რომ ჩანაწერი ფაბრიკაციაა, დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი კი რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის სკანდალის გადაფარვაა.
ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, უკრაინული რევოლუციის სახელით ცნობილმა საიტმა გამოაქვეყნა. შვედეთში დარეგისტრირებული საიტის მთავარი სერვერი მოსკოვის ცენტრში მდებარეობს. საიტზე კი ძირთადად საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩანაწერები ვრცელდება, თუმცა არცერთის ავთენტურობა ამ დრომდე დადგენილი არაა.
ამ ჩანაწერთან დაკავშირებით პირადი საიდუმლოს დარღვევის მუხლით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო.
იმ მასალების საფუძველზე რომელთა ავთენტურობა დადგენილი არაა ნიკა გვარამიას დაკავება წარმოუდგენლად მიაჩნია კომპანიის იურისტს. დიმიტრი საძაგლიშვილი ვარაუდობს რომ გავრცელებული ჩანაწერების მიზანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რეპუტაციის შელახვაა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.