შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სატელეფონო ჩანაწერთან მიმართებაში დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანის იმედი არ აქვთ რუსთავი 2-ის ადვოკატებს. იურისტების მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე არცერთი სხვა საქმე სამართალდამცველებს არ გამოუძიებიათ.
მიუხედავად ამისა, ნიკა გვარამია თანამშრომლობისთვის მზად არის. ადვოკატები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობაც ჯერ დადგენილი არ არის, უკანონოდ მოიპოვეს და ის დამონტაჟებულია.
ისინი ჩანაწერების გავრცელებას უზენაეს სასამართლოში მიმდიანრე რუსთავი 2-ის პროცესს უკავშირებენ.
„რა თქმა უნდა, უკავშირებთ რუსთავი 2-ის სასამართლო დავას, მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლას და იმ განცხადებებს, რომელიც არის პროკურატურაში და არ აქვეყნებს პროკურატურა. ასევე, საეჭვო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. viber მიმოწერას, სადაც აღნიშნული მოსამართლეები არიან მოხსენიებული და მათ დისკრედიტაციასაც ემსახურებოდა ეს ყველაფერი. რუსთავი 2-ის საქმე არის ფინალურ, გადამწყვეტ ეტაპზე და შესაბამისად, ფინალური შეტევა სახეზეა,“ - აცხადებს თამთა მურადაშვილი.
ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი საიდუმლოს დარღვევის მუხლით დაიწყო.