19 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს მმართველი გუნდი და ოპოზიცია აფასებს

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გენერალურმა დირექტორმა სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ასზე მეტი გადაცემა შეჩერდება. მმართველი გუნდის წევრის, მამუკა მდინარაძის, თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს განახლება და რეფორმები სჭირდება.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება რეფორმები და, ბუნებრივია, ჩვენ, როდესაც იქნება განახლებაზე, რეფორმებზე, წარმატებაზე, პროგრესზე საუბრები ამ მიმართებით მხარს დავუჭერთ მსგავს მიმართებას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივნის, ირაკლი აბესაძის, თქმით, ხელისუფლებას არ სურს, მედიიდან საზოგადოების კრიტიკული მოსაზრებები ისმოდეს და სწორედ ამის შეზღუდვას ცდილობს.

ენმ-ის წევრი ნიკა მელია კი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიის ინტერესზე საუბრობს. მისი თქმით, „ბუნებრივია, ივანიშვილი, რომელიღაცა მისი კომპანიით შეისყიდის უახლოეს პერიოდში“.

თავისუფალი დემოკრატების წევრი, ლევან სამუშია, მედიასთან ბრძოლის გამგრძელებელ ჯაჭვად აფასებს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს.

„ეს ერთი ჯაჭვია მედიასთან ბრძოლის, შეიძლება ითქვას. ეს არის ის ჯაჭვი, რაც არის ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა. ასევე, ნათელი გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ ებრძვის მაღლაფერიძის ხელით სახელმწიფო ამ შემთხვევაში დამოუკიდებელ მედიას, სიტყვის თავისუფლბას,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

დღის ამბები