რუსთავი2-ის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი, აღნიშნავს, რომ ხელისუფლება უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს და დღეს დადასტურდა, რომ ვერსია, რომელსაც პროკურატურა ავითარებს, უბრალოდ სასაცილოა.
„დღეს უკვე უტყუარად დადასტურდა, რომ უბრალოდ სასაცილოა ის ვერსია, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დღეებში ავითარებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ გამოქვეყნებული წერილებით ირკვევა, რომ, თურმე, ფოსტის მეშვეობით მოხდა წერილის გაგზავნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, სადაც აღწერილია დანაშაულებრივი ქმედება. ამის შემდეგ ტელეფონის მეშვეობით, ანუ მოკლე ტექსტური შეტყობინება იქნა გაგზავნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და ხელისუფლების ვერსიით, ამას აკეთებდა თურმე ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჯერ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე და შემდეგ უკვე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
ის ამბობს, რომ ეს ბრალდება, უბრალოდ, სასაცილოა და მსგავს ვერსიას არც-ერთი ელემენტარული აზროვნების მქონე ადამიანიც არ დაიჯერებს.
დიმიტრი საძაგლიშვილი ამ საკითხს „სუს-ის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ძალიან იაფფასიან სპეცოპერაციას“ უწოდებს, რომელიც თავდაპირველად მოსამართლეების პროვოკაციაზე წამოგებას ისახავდა მიზნად და ასევე, მათი რუსთავი2-ის საქმიდან ჩამოშორებას.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ რუსთავი2-ის საქმეზე ამ ეტაპზე სამართლებრივი კუთხით, ახალი არაფერი ხდება, რადგან დიდი პალატა ჯერ არ დაკომპლექტებულა.
„მთავარი არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ყველაზე კარგად ხვდებიან, თუ რა სახის ქმედებები ხორციელდება მათ მიმართ და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეინარჩუნებენ თუ არა ისინი პრინციპულობას და მიუკერძოებლობას,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.