რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახთან მერიის მიერ დადებული მილიონიანი გარიგების შემდეგ, საკრებულოს ოპოზიციამ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის მიზნით ცვლილებების პროექტი მოამზადა.
პროექტის მიხედვით, კომპენსაციების გაცემა სამი კატეგორიის მოქალაქეებს ეხება, რომლებიც დაზარალდნენ და წელიწადნახევრის შემდეგაც არ მიუღიათ კომპენსაციები. საუბარია პირებზე, რომელთაც ჰქონდათ ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლები და რომელთა დაკანონებაც ვერ მოასწრეს სტიქიამდე.
ასევე პირებზე, რომელთაც ჰქონდათ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და ზედ არასაცხოვრებელი ნაგებობა, ასევე პირებზე, რომლებიც დაზარალდნენ და ჰქონდათ მიწის ნაკვეთები.
„არიან რეალურად დაზარალებული ადამიანები და არა ნაზღაიძე, რომელსაც არაფერი ჰქონდა სტიქიის ზონაში,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა.
დოკუმენტს ხელს ყველა ოპოზიციური ფრაქცია და დამოუკიდებელი დეპუტატები აწერენ.
„ერთ მილიონიან ქრთამს აძლევს მედიაინკვიზიციაში მხილებული მოსამართლის ოჯახს და რამდენიმე ათეულ დაზარალებულ ოჯახს უარს ეუბნება დახმარებაზე და წელიწადნახევრის განმავლობაში აბუჩად იგდებს,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თემურ გრიგალაშვილმა.
საკრებულოს რესპუბლიკელების წევრები თბილისის მერს მიმართავენ.
„ამ ცვლილებებით შესაძლებელი გახდება ყველა ამ ადამიანმა კანონის შესაბამისად მიიღოს ანაზღაურება, ახლა ჯერი არის მასზე და მის უმრავლესობაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს ცვლილებებს.“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის თავმჯდომარე, ზაზა ვეკუა და თბილისის საკრებულოს წევრი, სევდია უგრეხელიძე.
ავტორი: ანა წერეთელი.