თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონის გადახდაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საკრებულო კანონის ფარგლებში მოქმედებს.
"ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის ფარგლებში, დანარჩენი თუ რამე არის გასარკვევი, შესაბამის უწყებაში შეიძლება ამის გარკვევა. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ არასოდეს არ ვხელმძღვანელობთ პირობითობებით, ნოტარიუსობით ან სხვა რამით, ჩვენ ვმოქმედებთ იმით, ჩვენს მოქალაქეს, რა სჭირდება,"- განაცხადა ალიბეგაშვილმა.
გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულების საკითხთან დაკავშირებით საკრებულო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება.
"მიმდინარეობს დავა სასამართლოში, თუმცა გავიმეორებ, სასამართლო რა დადგენილებასაც გამოიტანს, ჩვენ მას დავემორჩილებით. თუ კიდევ გამოჩნდებიან ისინი, ვინც უკმაყოფილოები არიან, ჩვენ განვიხილავთ მათ საკითხსაც,“- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ავტორი: ანა წერეთელი.