19 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ხვალინდელი უკეთესი დღე ვერ დადგება ამ ქვეყანაში, თუ "რუსთავი 2" ჩაიხშობა - ნიკა მელია

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია ფიქრობს, რომ დღეს ქართული ოცნება მოსამართლეებზე ზეწოლის საქმეშია ჩართული, რათა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღოს უზენაესმა სასამართლომ.

„ლოგიკურადაც იკითხება, რომ რამდენიმე დღეში იქნება გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის, უბრალოდ ეს პარანოიდალური ქმედებები ივანიშვილის მხრიდან, რომელიც განსაკუთრებით აზვირთდა ბოლო დღეებში, ცხადყოფს, რომ ის შიშობს, ისეთი გადაწყვეტილება არ გამოვიდეს, რომელიც არ არის მის ინტერესებთან შესაბამისობაში," - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი აზრით, საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა და აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდაცია ამ თემის გარშემო. 

ნიკა მელია აცხადებს, რომ მოსამართლეებისთვის გაგზავნილი წერილები, რომლებიც პროკურატურამ გამოაქვეყნა და ამგვარად, ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა, სასაცილოა.

„იმავე წარმატებით შეიძლებოდა ყოფილიყო მითითებული მამაჩემი, ანზორ მელია წერილის ბოლოს და მაშინ უნდა გამოსულიყო მთელი ქართული ოცნება და ეთქვა, რომ ნიკა მელიას ოჯახის წევრი ახორციელებს ზეწოლას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ის ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველოს ერთადერთი მსხვილი ობიექტური ტელევიზია დაანგრიოს და „სახლში წაიღოს“. მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რუსთავი 2-ის გარეშე საზოგადოება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემის შესახებ ვერ შეიტყობდა.

„ახლა არის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ უკეთეს დღეზე ამ ქვეყანაში და ხვალინდელი უკეთესი დღე ვერ დადგება ამ ქვეყანაში, თუ რუსთავი 2 ჩაიხშობა, არა მარტო როგორც ტელევიზია, არამედ როგროც მძლავრი მედიასაშუალება, რომელიც სიმართლეს ღაღადებს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები