რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა მინისტრთა კაბინეტში. ისინი თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პოლიტიკური დავა.
"მოსამართლეებზე ზეწოლა საკუთრივ იმდენად მიუღებელი ფაქტია და იმდენად არ არის შესაბამისობაში დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, რომ მჯერა რომ ამაზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება ახლა პოლემიკას, რომ ოპოზიცია ამბობს ასე და სხვა საწინააღმდეგოდ, ეს იმდენად სკანდალური ფაქტია მოსამართლეებზე ზეწოლა, რომ რა თქმა უნდა შეფასებებში სხვაობა იქნება. ჩვენ გვჯერა, რომ ობიექტურად გაირკვევა ყველაფერი“ - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, როდესაც პროკურატურა აკეთებს განცხადებას, რომ არის ზეწოლის ფაქტებზე ლაპარაკი, ამას შეუძლებელია არ ჰქონდეს საფუძველი.
"მითუმეტეს, ჩვენ მოგვისმენია ასეთი სატელევიზიო განცხადებები, თქვენი დირექტორი როგორ ურეკავს გარკვეული პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, აშანტაჟებს მათ, ემუქრება, ახლა ეს როგორც ჩანს გავრცელდა მოსამართლეებზეც და ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, რა სამართლებრივი გაგრძელება ექნება, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ - აღნიშნა სუბარმა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის თქმით, მას აზრი არ შეუცვლია და ფიქრობს, რომ საქმე გვაქვს სამართლებრივ დავასთან.
ავტორი; ნატა მახვილაძე.