19 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
საკრებულოში არ არის წესი, რომ გენიალოგია გამოითხოვო - ჯაბა სამუშია ნაზღაიძის საქმეზე

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა სამუშია ფიქრობს, რომ საკრებულოს უმცირესობის წევრები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემის პოლიტიზირებას ცდილობენ და ამ საკითხზე სამართლებრივი კუთხით არ საუბრობენ.

დღეს საკრებულოს ოპოზიციამ ორი ახალი გარემოების შესახებ განაცხადა. პირველის მიხედვით, 2014 წლიდან ზვიად ნაზღაიძეს მიწის ნაკვეთი ვერეს ხეობაში აღარ ეკუთვნოდა და აღარც გამოსყიდვის უფლება ჰქონდა. მეორეს თანახმად კი, სანაცვლოდ მიღებულ ხუთი ათას კვადრატულ მეტრზე მას არანაირი ვალდებულება არ აკისრია - მაშინ, როდესაც შეთანხმებაში ლაპარაკია ინვესტიციებსა და რეკრიაციაზე.

ჯაბა სამუშია ამბობს, რომ ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნატა ნაზღაიძის ძმას ვერეს ხეობაში საკუთრება არ აქვს, არის ოქტომბრის რეალობა, ხოლო იმ დროს, როდესაც სტიქია მოხდა, ნაზღაიძე იმ ტერიტორიის მფლობელი და დაზარალებული იყო.

ის აღნიშნავს, რომ ნაზღაიძის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვის დროს, მან არ იცოდა, რომ ზვიად ნაზღაიძე მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა იყო.

„საკრებულოში არ არის წესი, რომ გენიალოგია გამოითხოვო. ბატონი ნაზღაიძის შესახებ თქვენი ეთერით გავიგე,“ - აცხადებს ჯაბა სამუშია.

მისი თქმით, დეკემბერში, როდესაც საკრებულოში ზვიად ნაზღაიძისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემაზე მსჯელოდნენ, მაშინ დოკუმენტაცია სრულად იყო წარდგენილი. 

„ეს არის ერთადერთი მიწის ნაკვეთი ვერეს ხეობის ამ მონაკვეთში, სადაც სტიქიის ზონა იყო, რომელზეც გაცემული იყო "გაპი" ანუ მშენებლობის ნებართვა. თუ ჩვენ არ მოვახდენდით აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვას, არ მოვახდენდით მის ჩამორთმევას, შეუძლებელი იყო, მაშინ მესაკუთრეს ჰქონდა სრული უფლება, რომ ემოქმედა და აღნიშნული გაპიდან გამომდინარე, იმ ტერიტორიაზე მოეთხოვა მშენებლობის ნებართვა,“ - განმარტა ჯაბა სამუშიამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ ადგილზე მშენებლობის უფლება ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში გაიცა. ის უმცირესობის წევრებს მოუწოდებს პირადად მასთან მივიდნენ და გამოითხოვონ მთელი დოკუმენტაცია, რათა სრული ინფორმაცია მიიღონ.

დღის ამბები