მეტრო რუსთაველიდან რუსთავი 2-ის მხარდამჭერებმა უზენაეს სასამართლოსთან გადმოინაცვლეს. ამ წუთებში უზენაეს სასამართლოსთან პოლიტიკოსები შეკრებილებს მიმართავენ.
"სოლიდარობა რუსთავი 2-ს,"- აცხადებენ შეკრებილები.
სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით 8 პოლიტიკური გაერთიანებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სტუდენტები უზენაესი სასამართლოსკენ მსვლელობით გაემართნენ.
“შვილიშვილებისათვის ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ადგილი, სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ თავისუფლად იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ქვეყანაში ძალიან უხვად არის. ქვეყნის ხელისუფლება როდესაც დაუფარავად კორუფციულ გარიგებაში შედის კონკრეტულ მოსამართლესთან, რათა მან გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და ამის მიუხედავად, ხელისუფლება ხმას არ იღებს, არცერთ დონეზე და მეტიც პირი აქვს შეკრული და შეთანხმებულად მოქმედებს, რომ თავისუფალი აზრი და სიტყვა ჩაახშოს ამ ქვეყანაში, უკანასკნელი ბასტიონი რუსთავი 2 წააქციოს, რა გამოსავალი რჩება ამ ქვეყანაში. საზოგადოება ასეთ შემთხვევაში იწყებს საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების ხმამაღლა დამოკიდებულებას, მშვიდობიანი მანიფესტაციის აზრით,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას თქმით, სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის უმთავრესი საფუძველი და ამიტომ, მუდმივად უნდა ვიყოთ მზადყოფნის რეჟიმში.
პარტია რეფორმატორების თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი აღნიშნავს, რომ დღეს წყდება რუსთავი 2-ის ბედი და იარსებებს თუ არა პლურალისტული მედია.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.