19 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
რუსთავი2-ის იურისტები ყურადღებას უზენაესი სასამართლოს მხრიდან კანონით დადგენილი ვადის დარღვევაზე ამახვილებენ

რუსთავი2-ის იურისტები უზენაესი სასამართლოს მხრიდან კანონით დადგენილი ვადის დარღვევაზე საუბრობენ. მათი თქმით, რუსთავი2-ის სახელით შეტანილი ბოლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ კანონით დადგენილი ვადა უკვე დაარღვია.

„ჩვენ შემთხვევაში, ყველაზე ბოლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მომენტიდანაც რომ ავითვალოთ, ეს ვადა გავიდა 10 თებერვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ უკვე დაარღვია კანონით გათვალისწინებული ვადა. სასამართლო ამასთან დაკავშირებით არანაირ განმარტებას არ აკეთებს, თუმცა ლოგიკურია, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობის დაკომპლექტებაც კი ვერ ხდება სამი თვის განმავლობაში,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ პროცესის გაჭიანურებას სუს-ი ხელს უწყობს პროვოკაციის მოწყობის გზით, მოაგროვოს გადაწყვეტილების მიღების სასურველი ხმათა რაოდენობის მქონე მოსამართლეთა შემადგენლობა.

რუსთავი2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი, აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანიაზე დადებული ყადაღა უკანონოა.

„ყველაზე კრიტიკული, რაც ამ მომენტში არის, ეს არის ჩვენს, რუსთავი2-ზე არსებული უკანონო ყადაღა. ფორმალურად, რუსთავი2 გამოირიცხა პროცესიდან, ვინაიდან ქიბარ ხალვაშმა მეორე ინსტანციაში ბოლო პროცესზე უარი თქვა საავტორო უფლებების ნაწილში თავის სასარჩელო მოთხოვნებზე. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ის, რომ დღეს რუსთავი2-ს, მხარეს, რომელიც არ არის ფორმალურად პროცესის მონაწილე, ადევს ყადაღა, რაც არის უკანონო.

"ჭიანურდება იმიტომ, რომ დიდი პალატა არ არის შეკრებილი და ეს რატომ ხდება, ვიცით. იმიტომ, რომ ზეწოლა მიმდინარეობს მოსამართლეებზე. შესაბამისად, სანამ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს, რომ გარანტირებული ჰქონდეს ის ხმები, რომლითაც გადაწყვეტენ საქმეს რუსთავი2-ის საწინააღმდეგოდ, ალბათ, გააჭიანურებენ დიდი პალატის დაკომპლექტებას,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

დღის ამბები