„დანაშული ექსპერტიზის ბიუროს კი არ მიუძღვის, დანაშაული მიუძღვის თბილისის მერიას,“ - ასე უპასუხა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარინა დათუკიშვილმა, დედაქალაქის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს, რომლის თქმითაც, მერია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის შეფასებისას დარღვევა არ ყოფილა, რადგან მერია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ეყრდნობოდა.
„მერიამ შეცდომაში შეიყვანა საკრებულო, ახლაც თვალებში ნაცარს გვაყრის. არაადეკვატური იყო მერის მოადგილე ლექვინაძე,“ - განაცხადა დათუკიშვილმა.
დათუკიშვილმა დღეს ბრიფინგზე მოსამართლის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები წარადგინა. მისი განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ სანდრო ეულის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ აუქციონზე გამოიტანა მიწის ახალი ნაკვეთი, რომელიც მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული ნაკვეთის გვერდით მდებარეობს.
აუქციონზე ნაკვეთი 2 მილიონ ლარად იქნა შეფასებული, ანუ 4 ჯერ უფრო ძვირად, ვიდრე ნაზღაიძისთვის გადაცემული მიწა.