პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, რუსთავი 2-ისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად, საპროტესტო აქციების დაწყებას სავარაუდოდ ხვალიდან გეგმავს. საბჭო ცოტა ხნის წინ შეიქმნა და მას ამ დროისთვის უკვე 8 პოლიტიკური სუბიექტი შეუერთდა. პირველი ასეთი აქცია-მსვლელობა საბჭოს ორგანიზებით ორი დღის წინ გაიმართა, რომელიც უზენაესი სასამართლოს შენობასთან დასრულდა. რუსთავი 2-ისა და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად საბჭო რიგ აქტივობებს მთელი მომავალი კვირის განმავლობაში განახორციელებს.
„ჩვენ გავაპროტესტებთ მერიის თავნებობასაც, ჩვენ გავაპროტესტებთ უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც და იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნა, ჩვენ აქაც ვაპირებთ, რომ დავიცვათ რუსთავი 2 და იგივე მოვუწოდოთ საზოგადოებას. დღეს რაც ხდება, ეს არის თავისუფალი სიტყვის გაუქმება,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.
საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრი პარტიები ფიქრობენ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს სიტუაციის დაძაბვა, რისთვის საზოგადოება მზად უნდა იყოს. რუსთავი 2-ის დასაცავად მათ გარკვეული ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი. კონკრეტულ დეტალებზე პარტიები ჯერ არ საუბრობენ.
პარტია რეფორმატორების თავმჯდომარე, ირაკლი ღლონტი ფიქრობს, რომ მათ კანონის ფარგლებში ხელისუფლებაზე ზეწოლა უნა განახორციელონ, რადგან ვერ დაელოდებიან „როდის შეიძლება ბოლომდე მოგუდონ მედიასივრცე ოლიგარქის მარიონეტებმა სასამართლოს მეშვეობით.“
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.