19 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
მილიონი ლარი მოსამართლის ოჯახს - საერთო განმარტებაზე მერია და საკრებულო ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდნენ

მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული ერთი მილიონი ლარი - ამ თემაზე ზვიად ნაზღაიძე თავის მართლებას და ახსნა-განმარტებას აღარ ცდილობს. მის ნაცვლად ამასაც ის სტრუქტურები აკეთებენ, ვინც ნაზღაიძეების ოჯახს მილიონი აჩუქა. რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის, საკრებულოს განკარგულებით გადაცემული ერთი მილიონი ლარის შესახებ ცნობილი P.S-ის სიუჟეტიდან ზუსტად ერთი კვირის წინ გახდა. მაშინ დედაქალაქის მერს, რომელმაც საკრებულოს თანხის გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გადახდა დაავალა, ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

მეორე დღიდან, მმართველმა გუნდმა საკრებულოს გადაწყვეტილების გამართლება დაიწყო. ხელისუფლება საკუთარ ვერსიებში ისე გაიხლართა, რომ პირველი ჩვენება - "გადაუდებელი აუცილებლობით" მიწის გამოსყიდვის შესახებ, თავადვე თავდაყირა დააყენა.

"გადაუდებელი აუცილებლობის" საერთო ვერსიაზე, მერია და საკრებულო ვერ ჩამოყალიბდნენ. ამიტომ მაყურებელს ახალი ვერსია შესთავაზეს - მილიონად შეფასებული მიწის საჭიროების დამტკიცება, თუმცა ერთიანობა ვერც ამ ვერსიის ირგვლივ მოხერხდა.

ხელისუფლებასთან ერთად, ნაზღაიძეების დასაცავად, სახელისუფლებო მედიაც ამუშავდა.

რუსთავი 2-ის და მისი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში, ინტერნეტ - გადაცემებიც ჩართო.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი კი განმარტავს, რომ 2015 წლის სტიქიის დროს, მიწის ნაკვეთის მფლობელი იყო საქართველოს ბანკი, რასაც საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტი მოწმობს. ნაკვეთი საქართველოს ბანკის საკუთრებაში 2013 წლის ბოლოს მაშინ გადავიდა, როდესაც ზურაბ ნაზღაიძემ აღებული ვალდებულებების დაფარვა ვერ მოახერხა. დოკუმენტის მიხედვით, ზურაბ ნაზღაიძე იყო პირი, რომლსაც უფლება ჰქონდა გამოესყიდა მიწის ეს ნაკვეთი, თუმცა მოსამართლის ძმამ ნაკვეთის გამოსყიდვა ვერ მოახერხა, რის გამოც 2015 წლის ოქტომბერში მან გამოსყიდვის უფლებაც დაკარგა. ამის შემდეგ 2016 წელს ნატა ნაზღაიძემ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მისმა ძმამ მიწის ნაკვეთი, რომელშიც ფული არ გადაუხდია, მეტიც, თანხა მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო.

დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, მიწაზე არანაირი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა. ხოლო თბილისის მერიას ფიზიკურად არ შეეძლო ზურაბ ნაზღაიძისთვის კომპენსაცია გადაეხადა, რადგან სტიქიის დროს ნაკვეთი მის მფლობელობაში არ იყო.

პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში, რუსთავი 2-ის იურისტის დახმარებით წარმოებული გამოთვლებიდან გამომდინარე, ნატა ნაზღაიძის ოჯახს ბიუჯეტიდან 2 მილიონ 900 ათასი ლარი გადასცეს.

ავტორი: თამარ ბაღაშვილი. 

დღის ამბები