19 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად - აქცია დღეს თბილისის მერიასთან გაიმართება

რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად დღეს საკოორდინაციო საბჭოს მორიგი აქცია გაიმართება.

საბჭოს წევრი 8 პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, ასევე მხარდამჭერები 11:30 საათზე თბილისის მერიასთან შეიკრიბებიან.

„სასამართლო ხელისუფლების გამოყენება ხდება დღეს როგორც პოლიტიკურ ბერკეტად რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. იქ არიან მოსამართლეები, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია იმ მიმართულებით თუ როგორი ზეწოლა ხორციელდება მათზე, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ისინი და აგრეთვე არიან მოსამართლეები, რომელთა მოსყიდვაც ხდება ბიუჯეტის ხარჯზე. ბატონმა მერმა უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, იმიტომ, რომ რეალურად მისმა ქვემდებარე სტრუქტურებმა უზრუნველყვეს საბიუჯეტო ხარჯებით მოსამართლის მოსყიდვა, რაც ღიად ჩანს,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ისინი ითხოვენ პასუხს, რატომ დაიდო კორუფციული გარიგება და რატომ აღმოჩნდა რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის, ნატალია ნაზღაიძის ოჯახი სხვა დაზარალებულებისგან განსხვავებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

„გვინდა, რომ მერიამ პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში. რატომ დაიდო კორუფციული გარიგება, რატომ არის მერია ჩაფლული კორუფციულ გარიგებაში, რატომ ცდილობს ივანიშვილი უზურპაცია მოახდინოს სასამართლოსი და კორუფციით დაიმორჩილოს სასამართლო, რომ მან მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

საკოორდინაციო საბჭო თავისუფალი სიტყვის დასაცავად ღონისძიებებს მთელი კვირის განმავლობაში გეგმავს.

დღის ამბები