თბილისის საკრებულოს ოპოზიცია პროკურატურისგან ნაზღაიძისთვის სამ მილიონიანი ქონების გადაცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვს.
ინტერფრაქციული ჯგუფი დედაქალაქის საკრებულოში დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებს.
„დავით ნარმანიამ თბილისელებს რამდენიმე მილიონი ლარი მოპარა და ქრთამის სახით გადასცა მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს. ამ ყველაფრის ფონზე პროკურატურა დუმს. ჩვენ ოპოზიციური ფრაქციები, დამოუკიდებელი დეპუტატები, შევიკრიბებით, განვსაზღვრავთ ჩვენს გეგმას, რათა ეს განკარგულება გაუქმდეს,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა თემურ გრიგალაშვილმა.
დეპუტატების თქმით, ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის კორუფციულ საქმეში კიდევ ერთი ახალი გარემოება იკვეთება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერიამ სამი მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი ერთ მილიონად შეაფასა და შემდეგ მოსამართლის ძმას გადასცა.
„თუ საკრებულო არ გამოიჩენს გონიერებას და არ მიიღებს გონიერ გადაწყვეტილებებს და არ გააუქმებს მათ მიერ მიღებულ კორუფციულ გადაწყვეტილებას, მაშინ ჩვენ დავსახავთ სხვადასხვა გზებს. ბუნებრივია, პირველ რიგში ეს იქნება თბილისის მერის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.
საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ დარღვევებით გადაცემული ქონება თბილისის ბიუჯეტს უკან უნდა დაუბრუნდეს და 23 დეკემბრის დადგენილება გაუქმდეს.
„აქ ისეთ დარღვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც ეხება ქართული სახელმწიფოებრიობის ძალიან ფუნდამენტურ საფუძვლებს,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი დავით ზურაბიშვილი.