19 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
რუსთავი 2-ის მხარდამძჭერ აქციაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრები იმყოფებიან

რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერ მორიგ აქციას საკოორდინაციო საბჭო ამ წუთებში თბილისის მერიასთან მართავს.

პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და თბილისისთვის იმ მრავალმილიონიანი ქონების დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც 24 დეკემბერს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა.

„ქრთამი იქნა გადახდილი დედაქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან მოსამართლის ოჯახისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხი აქვს გასაცემი... გამოვიდეს ეს ადამიანი და გვითხრას, რომ აღარ შემიძლია მაძალებს ივანშვილი და სისულელეს სისულელეზე მაკეთებინებს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

საკოორდინაციო საბჭოს წევრები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ.

„მერია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა იმ მოსამართლეებს, რომელთაც შეუძლიათ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება,“- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, დედაქალაქის მერმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თუ ვისგან ჰქონდა დავალება მიღებული, რადგან მისი განცხადებით, აქ დანაშაული იკვეთება.

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ საკოორდინაციო საბჭოსა და საზოგადოებას მერიასთან კითხვები აქვთ.

„სახეზე გვაქვს დანაშაულებათა  მთელი კასკადი, ზეწოლა მედიასაშუალებაზე, ზეწოლა სასამართლოზე, გაფლანგვა მერიის ქონების,“- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები