მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმეზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს იუსტიციის საბჭოს მდივანი. ლევან მურუსიძის განმარტებით, ის კიდევ ერთხელ ესაუბრა ნატა ნაზღაიძეს და საქმესთან დაკავშირებულ სათანადო დოკუმენტაციასაც დეტალურად გაეცნო.
მურუსიძე აცხადებს, რომ მოსამართლე ნაზღაიძის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა და არსებულ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
"ნატა ნაზღაიძეზე პედალირება, რეალურად ეს ჩემთვის არის გარკვეული პოლიტიკის ნაწილი, რომ მუდმივად იყოს დღის წესრიგში და აბრალებდნენ მოსამართლეს იმას რაც მას არ გაუკეთებია. არ მინდა დეტალებში შესვლა, ეს საერთოდ არ მაინტერესებს, ერთადერთი მე რაც მაინტერესებდა საუბარი იყო იმაზე, რომ ნატა ნაზღაიძეს აბრალებდნენ იმას, რომ ის არის კორუმპირებული და მექრთამე და კონკრეტული საქმის გამო აიღო კონკრეტული გარკვეული თანხა. ეს არის აბსოლუტური ცილისწამება არ შეესაბამება სიმართლეს და რეალურად მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მისი დისკრედიტაცია. ეს არის ჩემთვის ცხადი, დანარჩენი ახლა რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა, ეს არის მეორე ხარისხოვანი, რომლითაც მე არ ვინტერესდები. საბოლოო ჯამში მე ერთ წამითაც ეჭვი არ მეპარება, რომ ქალბატონი ნატა ნაზღაიძე ამ სიტუციაში არაფერ შუაშია. მას ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ერთი კაპიკი არ მიუღია არაფრით არ უკავშირდება ეს რუსთავი 2-ს," - აღნიშნავს მურუსიძე.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავები შეისწავლიან დოკუმენტაციას, რომელიც ამ საქმეზე უკვე არსებობს, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ მოსამართლის დადანაშაულება ქრთამის აღებაში არის აბსურდული ბრალდება.
"საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ არც მის ოჯახს ეს მილიონი არ მიუღია. საუბარი არის როგორც ითქვა ჩოხელზე, მე რაც ვნახე დოკუმენტები. მახსენდება ერთი ანეკდოტი, რომ არის მოიტა ნასოსიო. რამდენჯერაც უბნები ადამიანს, რომ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და მე დარწმუნებული ვარ და სრულიად გულწრფელად ვაცხადებ, რომ რა დოკუმენტებიც მე ვნახე, ნატა ნაზღაიძეს, მითუმეტეს ქრთამის სახით მილიონი ლარი და საერთოდ არაფერ შუაში არ არის ნატა ნაზღაიძე და მაინც გამოდიან ადამიანები და იძახიან მოსამართლეს მისცეს ქრთამი. აი იმაში რომ არის ხომ გითხარით რა, მომეცი ნასოსიო და არა მაქვს ნასოსიო და მომეცი ნასოსიო. სულ იმას ლაპარაკობენ, ნატა ნაზღაიძემ აიღო მილიონი,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
როგორც პოსტსკრიპტუმის სიუჟეტიდან გახდა ცნობილი, ნატა ნაზღაიძის ძმამ ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიონი ლარი ვერეს ხეობაში არსებული მიწისთვის სტიქიიდან წელიწადნახევრის შემდეგ მიიღო. საფუძვლად ამ ჩარიცხვას საკრებულოს 23 დეკემბრის განკარგულება უდევს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე