რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას, თბილისის მერია წერილობითი განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში წერია, რომ ნაციონალური მოძრაობა საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მუდმივ რეჟიმში მანიპულირებს გარკვეული თემებით.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს დილიდან თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მცირე ჯგუფი შეიკრიბა. პარტიის წევრები და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დრომდე მიზანმიმართულად ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და შენობაში შეჭრას.
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხს, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის წევრები აჟიოტაჟის შექმნას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, არაერთხელ გაეცა პასუხი ღიად და თემასთან დაკავშირებით ყველა მედიასაშუალებას მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია. თბილისის მერია არ გასცდენია კანონიერების ფარგლებს და იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დამატებითი კითხვები კონკრეტული პირების მხრიდან, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს."
"მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პარტიის აქტივისტების მცირე ჯგუფი მაინც ცდილობს თემის ირგვლივ ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას, რაც გასაგებ მიზნებს ემსახურება - ნაციონალური მოძრაობა საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მუდმივ რეჟიმში მანიპულირებს გარკვეული თემებით."
"რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული არის საზოგადოებრივი სივრცე, სადაც შესვლა თავისუფალია, გვინდა აღვნიშნოთ, რომ აქციის მონაწილეების შენობაში შეჭრა ხელს შეუშლიდა მერიის თანამშრომლების საქმიანობას და ადმინისტრაციული ორგანოს გამართულ ფუნქციონირებას, რაც უსაფრთხოების სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ აღკვეთა.“