მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლა, სადაც გადაყვანილი არიან აქციაზე დაკავებული პირები. უწყებასთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც იმყოფებიან. მერიასთან ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად პოლიციამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული აქციის 13 მონაწილე დააკავა.
როგორც ცნობილია, შსს-ში ამ დრომდე აქციაზე დაკავებული 8 პირი იმყოფება. მათ სავარაუდოდ მალე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ. აქციის მონაწილეებს ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 167-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
აქციის მონაწილეები შსს-ს დაკავების ოქმის შევსების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, რადგან ამის გამო დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს ვერ მოესწრება.
„ეს არის ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისათვის და ეს არის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ჩვენ არ უნდა დავაბრუნოთ საქართველოში ის დრო, როდესაც ქვეყანას მართავდნენ მექრთამეები, კორუფციონერები და დამნაშავეები, ჩვენ დავიცავთ ბოლომდე რუსთავი 2-ს, ჩვენ დავიცავთ ადამიანებს, რომლებიც დღეს უსამართლოდ, უკანონოდ არიან დაკავებული,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.
აქციის მონაწილეებმა შსს-ს მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.
ავტორი: შოთა კიკნაძე.