მერიასთან ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებს უსაფრთხოების სამსახურმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტის ორივე შესასვლელი ბლოკირებული იყო.
საკოორდინაციო საბჭოს წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ნაზღაიძის ოჯახს დედაქალაქის მერიამ ქრთამი იმ გადაწყვეტილების სანაცვლოდ გადაუხადა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიიღო.
დავით ნარმანიას ნაცვლად აქციის მონაწილეებთან ზვიად ჩოხელი მივიდა. მისი თქმით, მიწის ნაკვეთი ნაზღაიძეებმა მისგან, როგორც ყოფილი მესაკუთრისგან იყიდეს.
დაკავებების პარალელურად დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მერიის წინ შარტავას ქუჩა. ფიზიკურ დაპირისპირების შედეგად აქციის მონაწილე მსუბუქად დაშავდა. რამდენიმესაათიანი ლოდინის მიუხედავად მერიიდან აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არავინ გამოსულა.
აქციის დასრულების შემდეგ თბილისის მთავრობამ მხოლოდ წერილობითი განცხადება გაავრცელა. მერიამ ნაციონალური მოძრაობა აჟიოტაჟის შექმნაში დაადანაშაულა.
მერიიდან საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც მათ აქციის მონაწილეების დაკავება გააპროტესტეს. 13 პირის წინააღმდეგ საქმე 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ავტორი: ეკო მაღრაძე, ვანო გავაშელი.