19 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
გვარამია-ახვლედიანის ფარული ჩანაწერი - თალაკვაძე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის  მიხედვითაც, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის, ფარული ჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია.

განცხადება თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

მმართველი გუნდის ლიდერი გვარამიას და ნაციონალურ მოძრაობას სასამართლოს მუშაობაში ჩარევასა და მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. 

„საქართველოს შს სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გვარამია-ახვლედიანის სკანდალური ჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს, შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და, სადაც ეს უკანასკნელი საქალაქო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით.

"შეგახსენებთ აგრეთვე, რომ გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ნამდვილობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო.

"ამ დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში.

"ახლა, როდესაც შეკითხვებს გაეცა პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდა რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ალავიძისა და ქათამაძის, საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ნაციონალურ მოძრაობას და ნიკა გვარამიას სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია, უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ არსებობს გვარამია-ახვლედიანის კორუფციული გარიგებების მატერიალური მტკიცებულება. თალაკვაძე პროკურატურას ფაქტით დაინტერესებისა და ბრალეული პირების დასადგენად სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძება. სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან,“ - აცხადებს თალაკვაძე. 

დღის ამბები