19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე ზეწოლა პირდაპირ კავშირშია "რუსთავი 2"-ის საქმესთან

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზე იყო დაბარებული, სადაც მას, როგორც მოწმეს, უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ უნდობლობის გამო, ნიკა გვარამია გამოკითხვაზე არ მივა.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მათი მხარე თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა არა პირდაპირ "ტენდენციურ" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

„უნდობლობის მიზეზი, თავის მხრივ, გახლავთ ის გარემოება, რომ რეალურად, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ თითქოს ექპერტიზის დასკვნით დადასტურდა გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა და ის, რომ არ არის დამონტაჟებული ვერსია,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული ჩანაწერის სრული ვერსია მას პირადად მოსმენილი აქვს და სრულ სურათს იცნობს.

"ამ შემთხვევაში, ამ საკითხზე მინდა განცხადება გავაკეთო არა როგორც ნიკა გვარამიას ადვოკატმა, არამედ როგორც ფიზიკურმა პირმა, იმიტომ რომ მეც მქონდა პირადად მოსმენილი ეს ჩანაწერი ჩაწერიდან მალევე და შესაბამისად, სრული წარმოდგენა მაქვს და სრული ინფორმაცია მაქვს, თუ რაზე იყო საუბარი, რამდენი ხანი გაგრძელდა და რაზე მიდიოდა, ან ვინ იყვნენ საუბრის მონაწილეები. შესაბამისად, ცალსახად შემიძლია დავადასტურო, რომ ეს არის დამონტაჟებული და არასრული ვერსია, რაც გავრცელებული იქნა და რაც ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ შსს-ს მხრიდან, თუკი ასეთი დასკვნა არსებობს, ეს არის ყალბი დასკვნა,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი აზრით, გამოძიება ტენდენციურია, რადგან მხარეები, რომლებსაც სრული ჩანაწერი მოსმენილი აქვთ, საგამოძიებო სტრუქტურამ არ გამოკითხა.

დიმიტრი საძაგლიშვილი საუბრის მონაწილე მესამე პირის დასახელებისგან თავს იკავებს.

რუსთავი 2-ის ადვოკატი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა რუსთავი 2-ს პირდაპირ უკავშირდება, რადგან მათ დიდი პალატის ფარგლებში უნდა განიხილონ საქმე, ხოლო ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს.

დღის ამბები