სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის საგამოძიებო უწყებაში დაბარებასთან და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს. ბიბილაშვილი ტოტალურ შეტევაზე საუბრობს.
„არანაირი კრიმინალი აქ, ზედაპირზევე ჩანს, რომ არ არის. უბრალოდ, ამჟამად მიმდინარეობს ტოტალური შეტევა, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს, როგორც სასამართლოზე, ასევე თავისუფალ მედიაზე და როგორც სამწუხაროდ იკვეთება, ასევე ეკლესიაზე. ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ არჩევნების შემდეგ, ბოლომდე უნდა დაისაკუთროს საქართველო. ჩვენ საზოგადოებას უკან დახევის საშუალება და ფუფუნება არ გვაქვს,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ის უერთდება ნიკა გვარამიას განცხადებას და ამბობს, რომ კვირას, ყველა უნდა გავიდეს ქუჩაში და დაიცვას რუსთავი 2.
ბიბილაშვილი ასევე ეხმაურება, გუშინ, მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების ფაქტსაც, რომლებიც დღეს სასამართლომ გაათავისუფლა.
„ხელისუფლება აპატიმრებს ჩვენს 14 აქტივისტს და მხარდამჭერს, მხოლოდ იმისთვის რომ ისინი აპროტესტებდნენ სრულიად ლეგიტიმურად გაუგონარი კორუფციის ფაქტებს სასამართლოსა და მერიაში."
„არ არსებობს არაფერი, რასაც ივანიშვილი არ იკადრებს. ეს შეეხება ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულებსაც კი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის მზად, ყველანაირი ზეწოლისთვის, უარესისთვისაც,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.