19 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
თამარ კორძაია არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებას "ჟღალ მასლაათს" უწოდებს

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია დღეს ქართული ოცნების წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ფარული ჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით, „ჟღალ მასლაათს“ უწოდებს. მისი აზრით, დეპუტატის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთებას პროკურატურის მიმართ ირიბი დავალების ფორმა ჰქონდა.

"მისივე სიტყვებით რომ შევაფასო გამოსვლა, მისი საუბარი და განცხადება ნამდვილად გავს ჟღალ მასლაათს. ეს ისე, ხუმრობით, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან გაურკვეველია რატომ გააკეთა მან ეს განცხადება, ამას ერთგვარი მინიშნების თუ ირიბი დავალების ფორმა აქვს პროკურატურის მიმართ, რომ დაიწყონ გამოძიება სხვა მიმართულებით. იმიტომ რომ, ერთი სიტყვით არ უხსენებიათ გამოძიების იმ სტადიასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ეს ჩანაწერი უცხო პირების ხელში, ანუ ვინ მოიპარა ეს ჩანაწერი დახურული ქსელიდან და საერთოდ როგორ მიდის ამ ნაწილში გამოძიება,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისი აზრით, ხელისუფლება ყველა სფეროში ძალაუფლების მოხვეჭას ცდილობს და ეს ნელ-ნელა გამოსდის. კორძაიას განცხადებით, მთავრობა იმდენად სწრაფად ცდილობს და ახერხებს თემების შეცვლასა და გადაფარვას, რომ საზოგადოება რეაგირებას ვერ ასწრებს.

„პოსტსაბჭოთა ქვეყანა იმიტომ ვართ, რომ ყველა ხელისუფლება ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს და ვერცერთი ვერ სწავლობს წარსულის შეცდომებზე. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რაც ახლა ხდება ჩვენს რეალობაში,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ის მოხარულია, რომ დღეს ნიკა გვარამიას საშუალება აქვს ჩვენება სასამართლოს გზით მისცეს და კანონით მინიჭებული ამ უფლებით შეუძლია ისარგებლოს.

თამარ კორძაიამ არ იცის რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს რუსთავი 2, რადგან მისი თქმით, ხელისუფლება უკვე ყველაფერს კადრულობს.

„ეს ხელისუფლება ხვალ და ზეგ აუცილებლად გახდება საზოგადოების ტოტალური უნდობლობის მსხვერპლი,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ის აღნიშნავს, რომ რესპუბლიკური პარტია რუსთავი 2-ის გვერდით დგას, მიუხედავად იმისა, რომ პარტია საკოორდინაციო საბჭოს წევრი არ არის. თამარ კორძაია იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გონს მოვა. რაც შეეხება კვირას, რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე მოსვლას, რესპუბლიკურ პარტიას ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

დღის ამბები