ნიკა გვარამიას მოთხოვნაზე საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 საათი დასჭირდა. მღებრიშვილის უწყება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დასაკითხად უფლებას სასამართლოს სთხოვს, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესაბამისად, ნიკა გვარამია გამომძიებლის შეკითხვებს მოსამართლის თანდასწრებთ უპასუხებს.
საქმე, რომლეზეც სამართალდამცველებს გვარამიას განმეორებითი გამოკითხვა სურთ, მისი და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერს ეხება. დღეს დილით სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიებას ექსპერტიზის დასკვნა ჩაბარდა, რომლითაც ინტერნეტში გავრცელებული ჩანაწერის უწყვეტობას და ავთენტურობას ამტკიცებენ.
ნიკა გვარამია დღეს, ისევე როგორც ადრე, არ უარყოფს, რომ ჩანაწერში მისი ხმა ისმის, რადგან საუბარი თავად ჩაიწერა. ის დღესაც ამტკიცებს, რომ მასალა მისი პირადი კომპიუტერიდან ან სამსახურებრივი სერვერიდან მოიპარეს. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია, რადგან სრულ ვერსიაში 3 პირი ფიგურირებს და თანხაზე საუბარი სრულიად სხვა კონტექსტშია გამოყვანილი.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ჩანაწერის გაკეთების დეტალები მან გამოძიებას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, პირველი გამოკითხვისას მოუყვა. უთხრა ისიც, რომ მამუკა ახვლედიანთან საუბარს მესამე პირიც ესწრებოდა. მის ვინაობას ნიკა გვარამია წყაროს გაუთქმელობის მოტივით არ ასახელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გაურკვეველი მიზეზით მალავს.
ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ გასული წლის ნოემბერში კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის მუხლით დაწყებული გამოძიება მის წინააღმდეგ შემოატრიალონ და დააკავონ. თუმცა, თავად ამტკიცებს, რომ მამუკა ახვლედიანთან საუბარში დანაშაული არ არის.
ნიკა გვარამიასთან ფულზე საუბარს უარყოფს მამუკა ახვლედიანიც. სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ფარული ჩანაწერის საქმე სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემების გადასაფარად წამოწიეს.
ავტორები: ნათია ტრაპაიძე