რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ადვოკატები ელოდებიან საქალაქო სასამართლოს პასუხს, დაიკითხება თუ არა ნიკა გვარამია მოსამართლის მონაწილეობით.
ნიკა გვარამია დაკითხვაზე მისვლას ადვოკატებთან ერთად გეგმავს, თუმცა დაცვის მხარე აცხადებს, რომ არაკანონიერი გზით მოპოვებული ჩანაწერი, არ შეიძლება წარმოადგენდეს საქმის მტკიცებულებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებამ შუამდგომლობით უკვე მიმართა სასამართლოს, რათა იგი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს.
„სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობაზე და თუკი ის დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ჩვენ გამოვცხადდებით მითითებულ დროს და მივაწვდით შესაბამის პირებს ინფორმაციას რაც გაგვაჩნია, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ რეალურად გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე და ვიდეო ჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავრცელებაზე. აქედან გამომდინარე სრულიად გაუგონარია მმართველი ძალის წარმომადგენლების სპეკულაცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ თითქოს ნიკა გვარამია მოსამართლეების მოქრთამვას ცდილობდა.
"გარდა იმისა, რომ ეს ჩანაწერი არის დამონტაჟებული, მეორე პრობლემა რაც სამართლებრივად ამ ჩანაწერს აქვს არის ის, რომ ის არის უკანონოდ მოპოვებული და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად თუკი მტკიცებულება მოპოვებულია არაკანონიერი გზით, მას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.