სამართლიანობა და თავისუფება - რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია სამაუწყებლო კომპანიის ორგანიზებით, კვირას, რუსთაველზე, პარლამენტის ძველი შენობის წინ 3-ის ნახევარზე გაიმართება.
რა სამოქმედო გეგმა აქვს მშვიდობიან აქციაზე სამაუწყებლო კომპანიას, და როგორ აპირებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვას, როცა ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ტოტალური შეტევა მიმდინარეობს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ აქციაზე ყველა იმ ადამიანთან ერთად მივა, ვისაც საქართველოს მომავალი აღელვებს.
„დღეს წყდება ის, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ჩვენ და ჩვენი შვილები უახლოესი ათწლეულების განმავლობაში,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.
„საზოგადოება, ხალხი, ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიები, ის ადამიანები, რომლებიც არ გაიყიდნენ ოლიგარქზე, ყველა დგას ერთად და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსთავი 2 დაიცვას,“ - აცხადებს საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია.
პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს რუსთავი 2 საქართველოს დემოკრატიისთვის იბრძვის. მათი აზრით, დღეს ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე დგას, რომლისგანაც საზოგადოებამ კვირას საქართველო უნდა დაიცვას.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.