საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვირას, 14:30-ზე, პარლამენტის წინ რუსთაველზე რუსთავი 2-ის გვერდით დგომისთვის მზად არიან.
რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე საკოორდინაციო საბჭოს არაწევრი პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას. მათი განცხადებით, სიტყვის თავისუფლება ის თემაა, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია ერთიანი იქნება და ისინი ქვეყანაში თავისუფალ აზრს დაიცავენ.
თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე ამბობს, რომ პარტია, როგორც ყოველთვის, მზად არის რუსთავი 2-ის დასაცავად. მისი თქმით, პარტიის წევრები აქციებში ჩასართველადაც მზად არიან.
„რუსთავი 2 არის თავისუფლების სარკმელი, რომელიც აკავებს ხელისუფლებას, რომ მთლად ხელი არ აიღოს თავზე და უბედურება არ დააწიოს ამ ქვეყანას. ეს გამოჩნდა ბოლო დღეებშიც. უკანასკნელი მოვლენები რუსთავი 2-მა გააშუქა ოპერატიულად, სხვა შემთხვევაში ამას ხელისუფლება დამალავდა,“ - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიას ებრძვის, რაც ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს.
მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ თავისუფალი სიტვყის დასაცავად ყველა ერთად უნდა დადგეს.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.