რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია კვირას, რუსთაველზე, პარლამენტის ძველი შენობის წინ 3-ის ნახევარზე გაიმართება. აქცია აპოლიტიკურია, თუმცა თავისუფალი მედიის დასაცავად ადგილზე მისვლა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლისთვის იქნება შესაძლებელი.
„ეს იქნება აპოლიტიკური აქცია, არცერთი პოლიტიკოსი არ ილაპარაკებს ამ აქციაზე. ადამიანებს მიმართავენ მხოლოდ და მხოლოდ რუსთვი 2-ის სახეები, ჟურნალისტები და ა.შ. ეს იქნება აპოლიტიკური აქცია, თუმცა პოლიტიკოსების მონაწილეობით,“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ადამიანებს, რომლებიც კვირას რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ შეიკრიბებიან, სიტყვის თავისუფლება აერთიანებთ.
„მათ აერთიანებთ რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ზუსტად კვირას ამ აქციის ჩატარება, რადგან ეს არ იქნება მხოლოდ რუსთავი 2-ის აქცია. ეს იქნება საზოგადოების, პოლიტიკოსების, არასამთავრობოების, ყველა იმ ადამიანის აქცია, ვისთვისაც მნიშნელოვანია ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დაცვა და მისი გადარჩენა,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ავტორი: თამარ ბაღაშილი.