თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ზვიად ნაზღაიძე მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა რომ არ ყოფილიყო, მას თბილისის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარს არავინ გადაუხდიდა იმ ქონებაში, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.
მისი განცხადებით, ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ შორის თვითმმართველ ორგანოებში, მაქსიმალურად ცდილობენ რუსთავი 2-ის საკითხზე სასურველი შედეგის მიღებას.
„იმის გამო, რომ დამდგარიყო რუსთავი 2-თან დაკავშირებით, მათთვის სასურველი შედეგი, დაშინების, შანტაჟის, ზეწოლის ფაქტებთან ერთად გამოიყენა, სწორედაც, მოსყიდვის, ქრთამის მიცემის ფორმა, სადაც გამოყენებული იქნა სახელმწიფო ქონება და სახელმწიფო თანხები,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისი აზრით, კორუფციულ გეგმაში დავით ნარმანია მთავარი არ არის, არამედ ერთი რიგითი შემსრულებელია.
„მთავარი აქ არის დამკვეთი და დამკვეთი არის ცხადზე ცხადი, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელთაც ამოძრავებდათ ერთადერთი ინტერესი, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით ყველა მოესყიდათ, დაეშინებინათ, დაეშანტაჟებინათ და ა.შ.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისი თქმით, ნატა ნაზღაიძის ძმის განცხადება, რომ ნაკვეთის სხვის სახელზე გადაფორმებას აპირებდა, აბსურდულია. უმცირესობა საკრებულოში იმ დოკუმენტის გაბათილებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ნაზღაიძის ძმას 1 მილიონი ლარი გადაეცა.