19 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ხვალ სასამართლოში დაკითხავენ

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს და ამის საკმარისი მიზეზები აქვს.

ის, პირველ რიგში, შსს-ს მიერ ექსპერტიზის დასკვნაზე საუბარს უსვამს ხაზს, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის ინტერნეტში გავრცელებული ფარული ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია.

„გვაქვს მყარი საფუძველი ამ უნდობლობის, პირველ რიგში ეს არის მათი გაკეთებული განცხადება ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. თუ მართლა გააჩნიათ ასეთი ექსპერტიზის დასკვნა, ეს დასკვნა არის ცალსახად ყალბი და როგორ შეიძლება ამის შემდეგ ნდობაზე ვილაპარაკოთ,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ის მეორე ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის გამოც მხარე სამართალდამცველ სტრუქტურას უნდობლობას უცხადებს. ადვოკატის განცხადებით, შსს-ს სულ მცირე, ის ადამიანები უნდა დაეკითხა, ვისაც ჩანაწერის სრული ვერსია აქვს მოსმენილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აინტერესებს, რეალურად ამ ქმედებისა და დანაშაულის გამოძიება, ვგულისხმობ ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევას და ვიდეოჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავრცელებას, იმიტომ რომ, დადებით შემთხვევაში, უნდა დაეკითხა მას მინიმუმ ის პირები მაინც, ვისაც მოსმენილი ჰქონდა ჩანაწერის სრული ვერსია,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღეს სასამართლომ კრიმინალური პოლიციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი დაკითხვაზეა დაბარებული. გამომძიებელი მოსამართლის თანდასწრებით კითხვებს გვარამიას ხვალ დაუსვამს.

დაკითხვა 10:30-ზეა დანიშნული. საქმე კი იმ ფარულ ჩანაწერს ეხება, რომელიც ორი დღის წინ შსს-ს ექსპერტებმა ავთენტიკურად გამოაცხადეს, რასაც სამართალდამცველების მყისიერი მოთხოვნა მოყვა გვარამიას მოწმის სტატუსით დაკითხვის შესახებ.

 

დღის ამბები