ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მივიდა. მისი გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, მანამდე კი ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისი და მამუკა ახვლედიანის ჩანაწერი წაშლილია, რადგან ამის შენახვის აუცილებლობა არ არსებობდა.
“იმის გამო რომ შინაარსი აბსოლუტურად უინტერესო იყო ინტერვიუს შინაარსი, ჩვენ იმთავითვე გავანადგურეთ ეს ჩანაწერი, უბრალოდ როგორც ჩანს ქსელში ჩარჩა ან სანამ გავანადგურებდით მანამდე მოხერხდა მისი გატანა, ან ის მოწყობილობა მოიპარეს, სადაც იყო. ჩანაწერი არის სრულიად უშინაარსო, ჩვენთვის აბსოლუტურად უინტერესო და ამიტომ ის განადგურებულ იქნა. საუბარი არის 3 პირს შორის, სხვა პირი მიდი-მოდიოდა შეიძლება არც არაერთი, მაგრამ მე ის არ დამიმახსოვრებია, არც მიმიქცევია მისთვის ყურადღება. ავთენტურობა აუდიოჩანაწერის არ დადასტურებულა, ვერ დადასტურდება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს არ არის დიალოგი ეს არის 3 ადამიანს შორის საუბარი და გესმით მესამე ადამიანის ხმა. მეოთხე არ ვიცი ვინ არის, მე ვიცი ვის შორის არის საუბარი გაიმართა საუბარი 3 ადამიანს შორის, მათ შორის ერთ-ერთი იყო დაახლოებული ხელისუფლებასთან,“-აცხადებს ნიკა გვარამია.
გვარამია ჩვენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე მისცემს.
ნიკა გვარამიას დაკითხვა სასამართლოში, მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდება. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც, შს სამინსიტროს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაკითხვაზე დაბარებული, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. იმავე დღეს შს სამინისტრომ სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნდა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი. ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია კი, ამ საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიაა.