საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის გამოკითხვა მედიის წინააღმდეგ ბრძოლას არ ემსახურება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დღეს სახეზეა კამპანია მოსამართლეების წინააღმდეგ.
საპარლამენტო უმრავლესობამ ნიკა გვარამიას დღეს ასევე შეახსენა, რომ მოწმეთა დაკითხვის წესი, რომლითაც დღეს ის სარგებლობს, ამ ხელისუფლების პირობებშია დამტკიცებული.
„ეს ისტერიული რაღაცა დამოკიდებულება და ეს შეტევები, რაც ხდება სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, დაწყებული პირველი ინსტანციის მოსამართლიდან და ახლა უკვე უზენაესი სასამართლოს თემაც არის გამოძიების ქვეშ მოქცეული, მათზე შესაძლო ზეწოლის და შანტაჟის. მე მგონია, რომ ეს ფონი უნდა მოიხსნას,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს განსაკუთრებული იმუნიტეტით არავინ არ სარგებლობს და თუკი რომელიმე მოქალაქის მიმართ კითხვები არსებობს, მან ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს.