19 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მეორე წელია უშედეგოდ ცდილობენ გაარღვიონ მანკიერი წრე.

"მეორე წელია მიმდინარეობს სამართლებრივი დავა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის წილებთან დაკავშირებით. მეორე წელია უშედეგოდ ვცდილობთ გავარღვიოთ მანკიერი წრე და შევცვალოთ ის ორუელისეული მოცემულობა, როდესაც მოძალადეს - მსხვერპლი, ექსპროპრიატორს - მოწყალე, ხოლო ცილისმწამებელსა და დეზინფორმატორს - თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი ჰქვია.

"იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე უსაფუძვლოდ გვდებდა ბრალს, თითქოს სასამართლოსთან უკანონო კომუნიკაციაში ვიმყოფებოდით, ყველამ თვალსაჩინოდ ვნახეთ, რომ ნიკა გვარამია, რომელიც პროცესის მონაწილე მხარეს წარმოადგენს, თავად იყო პირდაპირ კომუნიკაციაში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მას რუსთავი 2-ის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების ლობირებასა და პოლიტიკური პროვოკაციების განხორციელებას თხოვდა.

"ნამდვილად არ ვიცი, ანგარებით არის ნაკარნახევი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ეს უკიდურესად საეჭვო გადაწყვეტილება თუ მათზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორის შედეგია. მეტსაც გეტყვით - გვარამია-ახვლედიანის ეპიზოდისგან განსხვავებით, უზენაესი სასამართლოს კოლეგიის მოტივაციის დადგენა არ მჭირდება, რადგან მთავარი მტკიცებულება ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საკუთრივ ის 140-გვერდიანი, ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტაციით დახუნძლული განჩინებაა, რომელიც საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მაგივრად შემოგვთავაზა სასამართლომ და რომლის სულისკვეთება აპრიორი გამორიცხავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის კარნახით მიიღო სასამართლო კოლეგიამ.

"აი, ასე - თვალსა და ხელს შუა, უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას და თუ სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არამარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ საბოლოოდ დაასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას. სასამართლომ არ უნდა დაუშვას მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და არ უნდა იქცეს ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლად. სასამართლომ არ უნდა დაუშვას უკანონობის დაკანონება ქვეყანაში" - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები