19 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
გამიჩნდა ეჭვი, რომ პროკურატურა ორი მიმართულებით წვალობს - დიმიტრი საძაგლიშვილი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, რომ დღეს, საქალაქო სასამართლოში, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვის პროცესში, კითხვების 95% ინტერნეტში გავრცელებული ფარული ჩანაწერის შინაარსს ეხებოდა, მაშინ, როდესაც რეალურად გამოძიება ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევაზე და უკანონოდ ვიდეო ჩანაწერის მოპოვება-გავრცელებაზეა დაწყებული.

„ანუ გამოძიებას არ აინტერესებს, თუ ვინ მოიპარა ეს ვიდეო ჩანაწერი ნიკა გვარამიასგან, მათ აინტერესებთ საუბრის შინაარსი. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათ აქვთ სხვა მიზანი და ეს სხვა მიზანი შეიძლება იყოს ხელოვნურად საფუძვლის შექმნა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის. იმ თვალსაზრისით, რომ ხელისულფების წარმომადგენლები შემდეგ გამოვიდნენ და აკეთონ ისტორიული განცხადებები, თითქოს ნიკა გვარამია მოსამართლის მოქრთამვას ცდილობდა,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ის ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანო შეეცადა დაესაბუთებინა საკუთარი დაინტერესება საუბრის შინაარსის თაობაზე, თუმცა მათი არგუმენტები „უსუსური“ იყო. დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ თუ სამართალდამცველებს სურთ გამოძიების სხვა კუთხით წარმართვა, მათ ახალი გამოძიება უნდა დაიწყონ.

„მე გამიჩნდა ეჭვი, რომ პროკურატურა ორი მიმართულებით მუშაობს, მუშაობს ცოტა ისეთი ნათქვამია ალბათ... უფრო წვალობს. ერთი, ეს არის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ჩადენილ დანაშაულზე შეიძლება უნდოდეთ გასვლა. ვგულისხმობ იმას, რომ ან ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ნაწილში მოახდინონ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და მეორე ეს არის თითქოს და ქრთამის შეთავაზება, თუმცა ამ ნაწილში, სულ რომ დაშვება გავაკეთოთ, რომ ნამვილად ის თქვა ნიკა გვარამიამ, რის გახმოვანებაც ხდება ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, სამართლებრივად, ეს მაინც არ ქმნის საკმარის საფუძველს პირის ქმედების დანაშაულად შერაცხვისთვის,“- განმარტავს დიმიტრი საძაგლიშვილი.

დიმიტრი საძაგლიშვილი ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც ის რუსთავი 2-სა და ნიკა გვარამიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. 

„როდესაც გავრცელდა ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიერ პროკურატურისათვის მიმართვასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გაასაჯაროვდა დოკუმენტები და ვნახეთ რაღაც სასაცილო წერილები. მაშინ ვივარაუდეთ, რომ ერთ-ერთი მიზანი ამ იაფფასიანი სპეცოპერაციის, სუს-ის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციის, შეიძლებოდა ყოფილიყო, დიდი პალატის შემადგენლობიდან ხელისუფლებისთვის არასასურველი მოსამართლეების ჩამოცილება. მათთვის, რა თქმა უნდა, არასასურველი არის ის მოსამართლე, რომელიც მათ არ ემორჩილება, რომელიც არ ექვემდებარება ზეწოლას, მოქრთამვას, დაშინებასა და ა.შ. ამის გაგრძელება იყო დღევანდელი განცხადება გაკეთებული პაატა სალიას მიერ. უკვე ნათლად დადასტურდა, რომ სწორედ იქნა გაკეთებული წერილების გაგზავნა ხელოვნურად, სასაცილო მეთოდებით, რომ შეექმნათ ფონი იმისთვის, რომ მომავალში პაატა სალია სწორედ ამ არგუმენტებზე ესაუბრა,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი აზრით, პაატა სალია და ხელისუფლება შეთანხმებულად მოქმედებენ.

დღის ამბები