რუსთავი2-ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით, საათნახევარს გაგრძელდა. პარლამენტთან დედაქალაქის სხვადასხვა უბნიდან და რეგიონიდან შეიკრიბნენ რუსთავი2-ის ყველაზე ერთგული მაყურებლები.
სიტყვის თავისუფლების აქციამ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ათასობით ადამიანი გააერთიანა.
სცენის აწყობა პარლამენტის შენობის წინ დილიდან დაიწყო. სამაუწყებლო კომპანიის ტექნიკური პერსონალი რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავების გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდა.
სანამ პარლამენტის წინ სცენა მზადდებოდა, რუსთავი2-ის თანამშრომლები საკუთარი ტელევიზიის დასაცავად ტელეკომპანიის ეზოში ემზადებოდნენ. რამდენიმე ათეული მანქანისგან შემდგარმა კოლონამ მოგვიანებით დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაინაცვლა და მოსახლეობას სიტყვის თავისუფლების დასაცავად პარლამენტთან მოსვლისკენ მოუწოდა.
აქციაზე მისასვლელად დილიდან ემზადებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. ვარდების მოედანზე ნაციონალური მოძრაობისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი, მათ შორის, რეგიონებიდანაც შეიკრიბა და პარლამენტის შენობისკენ ლიდერებთან ერთად დაიძრა.
სიტყვის თავისუფლება და დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დაცვა იყო მთავარი მიზეზი რის გამოც, ფრაქცია ევროპული საქართველოს მხარდამჭერები და პოლიტიკური ლიდერები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.