რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაეს სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში ჩარევის საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას. მათი თქმით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, დემოკრატიის დანგრევას გამოიწვევს.
„საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი აფიქსირებს დღეს პოზიციას, რომ დაუშვებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, დაუშვებელია რუსთავი 2-ის წაღება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება და რუსთავი 2 უნდა დაუტოვოს ხალხს,“ - განაცხადა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა კოტე ჩოკორაიამ.
არასამთავრობოები ხელისუფლებასაც მიმართავენ და ურჩევენ არ ჩაერიოს სასამართლო პროცესში. სამოქალაქო სექტორის აზრით, აქციაზე მისულმა ხალხმა დაანახა ხელისუფლებას, რომ მზად არის დაიცვას რუსთავი 2, მედიაპლურალიზმი და დემოკრატია.
„იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მიკერძოებული და უსამართლო, ეს ცხადია კონკრეტული გზავნილი იქნება ყველა სხვა მედიასაშუალებებთან მიმართებაში, რომ მათ არასოდეს არ გააკრიტიკონ და არ იყვნენ მწვავე ხელისუფლების საქმიანობის მიმართ,“ - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან გამართულ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას, მოქალაქეები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.