დღეს ნინო გვენეტაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა უკომენტაროდ დატოვა. მან რუსთავი 2-ის საქმეზე კამერებთან არ ისაუბრა. ამ დროისთვის დიდი პალატის შემადგენლობა, რომელიც უკვე მესამე თვეა გვენეტაძემ ვერ დაასახელა, ცნობილი არ არის. შესაბამისად უცნობია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია საქმის გაჭიანურების მიზეზთან დაკავშირებით.
ნინო გვენეტაძემ დღეს თავი მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბარსაც აარიდა, ასევე უპასუხოდ დატოვა შეკითხვა საკასაციო სარჩელების განხილვის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით. კანონით, ქვეყნის ბოლო ინსტანციას რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 25 იანვრამდე უნდა გამოეტანა.
რუსთავი 2-ის ადვოკატები ამბობენ რომ საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია, რომ რაიმე განმარტება გააკეთოს. კომპანიის ადვოკატები დარწმუნებულები არიან რომ უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ არიან.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ელოდება.
რამდენად მალე მიიღებს უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას, უცნობია. მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილის კოლეგიის მიერ საქმის დიდი პალატისთვის გადაცემიდან თითქმის სამი თვე გავიდა, პალატის შემადგენლობა კი ჯერ ისევ უცნობია. უზენაესი სასამართლო ამ დრომდე ვერ ასაჯაროებს იმ მოსამართლეთა გვარებს, ვინც რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.