19 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
"როგორც ჩანს ვერ მოხდა ყველა მოსამართლის დამორჩილება“ - გიორგი ტუღუში "რუსთავი 2"-ის საქმეზე

პარლამენტის სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმცირესობის წევრები ითხოვდნენ უმრავლესობის წევრების მხრიდან, რუსთავი 2-ის საქმეზე და სამაუწყებლო კომპანიის საქმის განმხილველ მოსამართლეებთან დაკავშირებულ საქმეებზე რეაგირებას.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს როგორც ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

„როგორც ჩანს ვერ მოხდა ყველა მოსამართლის დამორჩილება, რომლებმაც უნდა გამოიტანონ გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

საპასუხოდ, უმრავლესობის წევრები კი აცხადებენ, რომ დღეს მედიის ხელშეუხებლობა და სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია და სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე საუბრობენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, რუსთავი 2-ის მაუწყებლობის დროებით გათიშვაზეც გააკეთა კომენტარი. 

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ გვარამიას ეს უსაგნო ისტერია და უტიფარი, საკუთარი ტელევიზიის გათიშვის ჩათვლით, სინამდვილეში მისი და უცხოეთში გადახვეწილი მისი პატრონების მიერ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის გადაფარვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე, დავით მათიკაშვილის მეირ გაკეთებულ ამ განცხადებას ეხმაურება და განაცხადა, რომ „მან საკუთარი პოლიტიკური ზიზღი ვერ დამალა კერძო სამაუწყებლო კომპანიის მიმართ.“

„კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გააკეთა სრული ილუსტრაცია ქართული ოცნების ძალიან ძლიერი პოლიტიკური ინტერესის, იმ თითქოს სამართლებრივ დავაში, რომელიც ქართულ სასამართლოებში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ირაკლი აბესაძეს კი ქართული ოცნების წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უპასუხა და წინა ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობა შეახსენა.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი. 

 

 

დღის ამბები