19 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
"ცხადია, რომ უზენაესი სასამართლო უბრალოდ არღვევს კანონს და კონსტიტუციას" - ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 9 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. არასამთავრობოების განცხადების მიხედვით, შეუძლებელია მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახისთვის მერიის მხრიდან ქონების გადაცემა კორუფციული გზით მოხდა.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი მზადყოფნას გამოთქვამს ღია ეთერი დაუთმოს საკრებულოში ამ საკითხის განხილვას.

„ჩვენ სავსებით საფუძვლიანად ჩავთვალეთ ამ ეჭვის მაღალი ვარაუდით გამოთქმის საფუძველი. ცხადია, რომ ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, რომ ეს ქრთამის აღება შედგა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ სამართალდამცავი უწყება. ჩვენ ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად ვასაბუთებთ ამას, რომ ეს მაღალი ალბათობით ასეა. ჩვენს ეჭვს და მიუკერძოებელი ადამიანების, ობიექტური ადამიანების, ეჭვსაც ყველაზე მეტად ის აძლიერებს, რომ ხელისუფლება დღემდე არ პასუხობს ამ შეკითხვებს. ჩვენ თანახმა ვართ, ღია ეთერი დავუთმოთ ამ საკითხის განხილვას საკრებულოში, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლებიც მიიღებენ ამაში მონაწილეობას და იმედს ვიტოვებთ, რომ პოლიტიკოსების გარდა, მიიღებენ ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ამას დავუთმობთ ღია ეთერს და იმ შემთხვევაში თუ გაირკვევა საკითხი იმგვარად, რომ ჩვენ ვცდებოდით, ჩვენ ბოდიშს მოვიხდით, მათ შორის, ქალბატონი ნაზღაიძის წინაშე,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს მიერ სამაუწყებლო კომპანიის საქმის განხილვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მგონი ყველანაირად მიუკერძოებელი, ობიექტური თუ მიკერძოებული ადამიანისთვისაც ცხადია, რომ უზენაესი სასამართლო უბრალოდ არღვევს კანონს და კონსტიტუციას. მან გადააცილა ყოველგვარ ვადას, რომელიც ამ საქმის განხილვას ეხება. ის გვაყენებს ამით ზიანს, იმიტომ, რომ ყადაღა გვადევს ამ ყველაფრის პარალელურად და ამაზე, სამწუხაროდ, არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი და მოწოდებაც არ არის უზენაესი სასამართლოს მიმართ, რომ მან უკვე დაარღვია ვადები და შესაბამისად, ჩაჯდეს კონსტიტუციით და კანონით დადგენილ ვადებში,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღის ამბები