„ლოგიკური ეჭვი გვიჩნდება, რომ ეს იყო განზრახ განხორციელებული ქმედება, ოპერაცია თანხის და მიწის გადაცემის უკავშირდებოდა რუსთავი2-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას,“ - ეს განცხადება რუსთავი2-ის იურისტმა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის არსებობის მიუხედავად, არ იწყება გამოძიება და ასევე მერიის წარმომადგენლები თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას.
„არგუმენტი, რომელიც ხშირად გაისმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არის ის, რომ, თითქოს, ზვიად ნაზღაიძე არაფერ შუაშია და სინამდვილეში ზვიად ჩოხელსა და ნაზღაიძეს შორის გაფორმდა რაღაც შეთანხმება, რომლითაც ზვიად ნაზღაიძემ იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა მიწის ნაკვეთი ჩოხელისთვის. შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ რეალურად როდესაც მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება თავდაპირველი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, არ არის შესაძლებელი მხოლოდ მარტივი წერილობით ფორმით მოხდეს ხელშეკრულების გაფორმება. შეუძლებელია, დადგინდეს, როდის არის ეს შეთანხმება გაფორმებული. არ არის გამორიცხული, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსთავი2-ის მეშვეობით გახდა საჯარო ის ინფორმაცია, რაზეც ვსაუბრობთ, ამის შემდეგ იქნა თვალთმაქცურად შედგენილი ეს შეთანხმება,“ - აღნიშნა საძაგლიშვილმა.