უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი სამართლიანად წარიმართება. სამაუწყებლო კომპანიის პროცესი, რომლის მოსამართლეთა კოლეგიის შემადგენლობა დღეს გახდა ცნობილი, 2 მარტს გაიმართება.
„იმედს გამოვთქვამ, რომ პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ და ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მანამდე არსებობდა, წინა ინსტანციების სასამართლო განხილვების დროს, პასუხი გაეცემა და იმედი მაქვს, რომ საქართველოში არასდროს არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ მედიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების საკითხი და მედია იქნება ყოველთვის მრავალფეროვანი,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს.
„სასამართლომ, რა თქმა უნდა, უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს ვინმეს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება მიღებული საბოლოო ჯამში,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ავტორი: ანა წერეთელი.