ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი სხდომის დანიშვნის თარიღს ხელისუფლების მიერ სასურველი გადაწყვეტილების მიღების საფრთხედ აღიქვამს.
პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალ ინტერესზე საუბრობს.
„ეს იქნება მთელი საზოგადოების პრობლემა, ეს იქნება ქვეყნის პრობლემა და განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ბიზნესისთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა იმიტომ რომ ის პრეცენდენტი, რომელსაც შექმნის დიდი პალატა, პრაქტიკულად, სამოქალაქო რევოლუციას, სამოქალაქო ურთიერთობებს დაანგრევს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე დანიშნული სასამართლო სხდომის თარიღთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებზე საუბრობს და მოსამართლეებს პროფესიონალიზმისკენ მოუწოდებს.
„მოსამართლეებს მინდა ვუთხრა, რომ ისინი შევლენ ისტორიაში როგორც სამარცხვინო ადამიანები და მოსამართლეები და ქართული სასამართლო ვერ ჩამოიცილებს იმ შავ ლაქას, რომელიც შიძლება მათმა უსამართლო გადაწყვეტილებამ მიაყენოს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი უფროსი ხატია დეკანოიძე ივანიშვილის მიერ რუსთავი 2-ის უზურპაციის მცდელობაზე საუბრობს.
„რუსთავი 2-ის საქმე იქნება წყალგამყოფი და იქნება წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც მე საქართველოს ხელისუფლებას არ ვურჩევდი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი: ანა წერეთელი.