ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ ხდება კანონის მიღების დაჩქარება. წინააღმდეგობების მიუხედავად, აკაკი მინაშვილს იმედი არ აქვს, რომ იმ კანონპროექტში, რომელიც ხელისუფლების მიერ არის წარმოდგენილი, რამე შეიცვლება.
„ეს კანონპროექტი პირდაპირ არღვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელზეც შავით თეთრზე წერია, რომ უწყება, რომელიც განახორციელებს ფარულ მიყურადებას, უნდა იყოს დამოუკიდებელი, არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქციები. მემგონი ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად ქართული ოცნება არ ფიქრობს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე, არ ფიქრობს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდება და დანაშაული იზრდება, „უსაფრთხოების, კონტრდაზვერვის და სხვა სამართალდამცავი სამსახურები დაკავებულები არიან ოპონენტების კონტროლით, მონიტორინგით და თვალთვალით.“
„მემგონი ილუზია არავის არ აქვს, რომ ეს ხელისუფლება რამეს შეცვლის. მიუხედევად იმისა, რომ საზოგადოების მთელი ნაწილი არის ამ კანონპროექტის წინააღმდეგ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოება ერთ მხარეს დგას და ხელისუფლება მეორე მხარეს,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით პირველ მარტს განიხილავს, რის შემდეგაც ის კანონპროექტს საბოლოოდ უყრის კენჭს.