სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ სასამართლო პროცესი 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში გაიმართება, ოპოზიცია მედიასა და სასამართლოზე ზეწოლად აფასებს.
ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ხუთშაბათსვე მიიღოს. პარტიის ლიდერები იმ ორ მოსამართლეზე საუბრობენ, რომელთა აცილებაც რუსთავი 2-ის იურისტებმა მანამდე მოითხოვეს.
„პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე არის დამოკიდებული, რამდენად ის ჩათვლის, რომ ეს სწორი მომენტია იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2,“ - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას ევროპულ საქართველოში.
„სასწორზე დევს ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის ბედი, ეს არის მედიის თავისუფლება, რუსთავი 2-ის საკითხი, რასაც ებმის სიტყვის თავისუფლების საკითხი და არის სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი. მეორე დღეს შეიძლება არ გვქონდეს არც ერთი და არც მეორე,“-აცხადებს სერგო რატიანი.