პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით სპეციალური მანიფესტის გაფორმება სამაუწყებლო კომპანიის სახელისუფლებო შეტევისგან დაცვას ითვალისწინებს.
საპარლამენტო უმცირესობის მდივანი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ სასამართლოში განვითარებული მოვლენების ისტორია რუსთავი 2-ის საქმის მიმართ პოლიტიკურ ჭრილზე მეტყველებს.
„რა თქმა უნდა, უზენაეს სასამართლოში, იქ, სადაც თვეების განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსამართლეების შერჩევა, იქ, სადაც მოსამართლეებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერ დაიმორჩილეს, გარკვეულ პოლიტიკურ შოუებს დგამს საქართველოს პროკურატურა და საზოგადოებას არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას. იქ, სადაც შერჩეული შემადგენლობა ძალიან ბევრ კითხვის ნიშნავს იწვევს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ვისაუბროთ კანონმდებლობის დაცვაზე, სამწუხაროდ, შეუძლებელია მოლოდინი გვქონდეს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, თქმით, ბიძინა ივანიშვილს რუსთავი 2-ის გაჩუმება უნდა, რადგან საზოგადოებას ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია არ მიაწოდოს.
„ნამდვილად ეჭვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როდის არის ჩანიშნული სხდომა. როდესაც, პრაქტიკულად, ვიზალიბერალიზაციის საკითხი დასრულებულია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი წინაღობა იყო თავის დროზე ივანიშვილისთვის, რომ უფრო ადრე არ მოესრულებინა ეს საქმე,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.