19 ნოემბერი 2024,   04:20
ვრცლად
ჯაბა ჯიშკარიანის აზრით, რუსთავი2 "სულს ღაფავს" და საკრებულოს ოპოზიციის ქმედებები "შოუს შემადგენელი ნაწილია"

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის წევრი, ჯაბა ჯიშკარიანი, აცხადებს, რომ კომპენსაციის მოლოდინში მყოფი, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული 13 ოჯახიდან 8 უკვე დაკმაყოფილებულია.

„ხოლო ის 5 ოჯახი, რომლებსაც ოპოზიცია ხელზე იხვევს, თითქოს მათ დღემდე აქვთ პროტესტი, ამ ოჯახებზე ჩვენ გამოვაქვეყნეთ მუნიციპალიტეტის საზღვრებში ეს ინფორმაცია, რომ ამ 5 ოჯახზე შეთავაზებულ იქნა, როგორც საცხოვრებელი ფართები, ასევე  ფულადი თანხა,“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, ამ 5-მა ოჯახმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი თანხის მომატების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.

ჯაბა ჯიშკარიანმა ასევე აღნიშნა, რომ ზემოთხსენებული 5 ოჯახი დღემდე მერიის მიერ დაქირავებულ ფართებში ცხოვრობს.

მისი განცხადებით, ნატა ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის სახით 1 მილიონი ლარის საფასურის ქონების გადაცემა სრულიად კანონიერი იყო. ის ფიქრობს, რომ საკრებულოს უმცირესობა, მერის საკრებულოში მოწვევით, „შოუს დადგმას ცდილობს".

„ეს არის შოუს შემადგენელი ნაწილი, ეს არის მათი პოლიტიკური დღისწესრიგი. დღევანდელი შეხვედრა, ყოველდღიური მათი სუნთქვა, აქტივობა, მანევრირება ემსახურება ერთად-ერთ რაღაცას, მოაწყონ პოლიტიკური კეკლუცობები,“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

მისი აზრით, ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს ქართული ოცნება.

ჯაბა ჯიშკარიანმა მოსამართლე ნაზღაიძის  ოჯახისთვის გამოყოფილ მილიონსა და რუსთავი2-ის საქმეს შორის კავშირზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება ოპოზიციის მცდელობაა რუსთავი2-ის გადასარჩენად.

„ეს არის მცდელობა, თქვენი არხის, მიტაცებული რუსთავი2-ის გადარჩენის მცდელობა იმიტომ, რომ ის სულს ღაფავს, ის არის ბოლომდე ლუსტრირებული,“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა. 

დღის ამბები