19 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიცია ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს, უმრავლესობა კი თავისუფალ სასამართლოზე მიუთითებს

რუსთავი 2-ის დახურვის მცდელობა, შეტევა დემოკრატიულ ღირებულებებსა და სიტყვის თავისუფლებაზე - ასე აფასებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსთა ნაწილი.  

უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვამდე ერთი დღით ადრე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება სამაუწყებლო კომპანიაზე შეტევას, პირადად ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ახორციელებს.

„ამ საკითხთან ერთად გადაწყდება თუ რა ბედი ეწევა ჩვენს ქვეყანას. ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ თუ მაინც წასძლევს სული და მაინც შეეცდება წაიღოს რუსთავი 2, ეს მას დაუჯდება ძალიან ძვირად,“-აცხადებს ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი.

პესიმისტურია მოლოდინები ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში ამბობენ, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების უპირობო კონტროლის ქვეშ იმყოფება.

„არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდება 2 მარტს. ის  რომ არ არის ზეპირი მოსმენა და მიმდინარეობს მანიპულაციები მოსამართლეებთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი თუ რა განაჩენი უნდა გამოვიდეს და სასამართლო არის მისი უპირობო კონტროლის ქვეშ. ცალსახად ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ცალსახად ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ყველასთვის ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გადალახა ყველა წითელი ხაზი,“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ აქვთ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილების დალოდებას ურჩევს.

„ნებისმიერი გადაწყვეტილებაში სასამართლო არის დამოუკიდებელი.  მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიტომ, რომ უამრავი ღია სხდომა ჩატარდა და ხშირ შემთხვევაში ეს პოლიტიკურ ფარსად გადაიქცა და შესაძლოა აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლომ,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები