19 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში "რუსთავი 2" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად ხვალ შეიკრიბება. რუსთავი 2-ის მიკროფონი უზენაეს სასამართლოსთან ხვალ დილიდან ჩაირთვება და გადაწყვეტილების გამოცხადებამდე აღარ გამოირთვება. ტელეკომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმში კიდევ ერთხელ, ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის საბოლოო სიტყვის მოსმენამდე გადადის.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, საგანგებო ბრიფინგზე დღეს ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც რუსთავი 2 უზენაესი სასამართლოს მოსამართლის აცილებას სავარაუდო მიკერძოების ქონის გამო ითხოვს.  

გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და მისმა მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული საქმის დეტალები და ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ტელეკომპანიის სამოქმედო გეგმა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს.

დამოუკიდებელი ტელეკომპანიის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად, კიდევ ერთხელ ერთიანდებიან პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებიც. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, უმაღლესი ინსტანციის ვერდიქტს, უზენაესი სასამართლოს შენობასთან დაელოდებიან.

უზენაეს სასამართლოში განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში უნდა გაიმართოს. უცნობია ვერდიქტის გამოცხადების საბოლოო თარიღი, თუმცა აქცია უზენაეს სასამართლოსთან ხვალ 12:30 საათიდან დაიწყება.

დღის ამბები